English / ქართული / русский /
ლალი ოსაძე ლალი სრესელი
მწვანე ეკონომიკა - საქართველოს მდგრადი განვითარების საშუალება

ანოტაცია. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მწვანე ეკონომიკის როლზე, როგორც სწრაფი ეკონომიკური ზრდის და მდგრადი განვითარების უმთავრეს საშუალებაზე. ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ევროპულ სივრცესთან დასაახლოებლად. საქართველოს მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით განახორციელოს ნებაყოფლობითი ღონისძიებები ეკოსისტემების სერვისების, სუფთა წარმოების, გარემოს დაცვითი განათლებისა და მწვანე სამუშაო ადგილების განვითარების ხელშეწყობით. საჭიროა უფრო მეტი მუშაობა ამ მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება; მწვანე პოლიტიკა; ბუნებრივი რესურსები. 

საქართველო, ისევე, როგორც მთლიანად თანამედროვე სამყარო, განვითარებისა და  ტექნოლოგიური წინსვლის ფონზე უამრავი გარემოსდაცვითი პრობლემისა თუ  გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ბოლო ათწლეულში კლიმატის ცვლილებამ,  ჰაბიტატების დეგრადაციამ, წყლისა და ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებამ  მნიშვნელოვნად შეცვალა ის ეკოლოგიური გარემო, რომელშიც ადამიანები  და სხვა  ცოცხალი ორგანიზმები სახლობენ. საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდის  გამოკვეთილი ინტერესი გააჩნია, თუმცა მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროცესებმა  ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. 

მწვანე ზრდა და მწვანე ეკონომიკა გაეროს მიერ  მდგრადი განვითარების ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორებად არის აღიარებული. მწვანე ზრდა  წარმოადგენდა „ათასწლეულის განვითარების მიზნების“ ნაწილს და ასევე ხაზგასმულია „მდგრადი განვითარების მიზნებში“, რომლებიც გაერომ და მისმა წევრმა ქვეყნებმა 2015 წელს მიიღეს. საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს და გამოდის ინიციატივით, რომ მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით განახორციელოს ნებაყოფლობითი ღონისძიებები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ეკოსისტემების სერვისების, სუფთა წარმოების, გარემოსდაცვითი განათლებისა და მწვანე სამუშაო ადგილების განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს მთავრობას კარგად აქვს გაცნობიერებული ის სარგებელი, რომლის მოტანაც მწვანე  ეკონომიკას შეუძლია ადამიანებისა და გარემოსათვის [1].

მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც ამცირებს გარემოსდაცვით  რისკებს და ეკოლოგიურ პრობლემებს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. ის მჭიდრო კავშირშია ეკოლოგიურ ეკონომიკასთან, ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიღწევას. შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებით აერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს. მწვანე ეკონომიკა მოიცავს ექვს მთავარ სექტორს:  განახლებადი ენერგია; მწვანე შენობები; სუფთა ტრანსპორტი; წყლის მენეჯმენტი; ნარჩენების მენეჯმენტი და მიწის მენეჯმენტი.  საქართველოს ეკონომიკის, განსაკუთრებით მისი სამრეწველო სექტორის, განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, ქვეყნის ბუნებრივი რესურსების  და მისი ეკოსისტემების გამოყენებაზე. ატმოსფერულ ჰაერში ემისიები, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების და ნიადაგის დაბინძურება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სამრეწველო და სამთო წარმოება არის განვითარებული. საქართველოს ეკონომიკა გამოირჩევა ენერგიის და რესურსების გამოყენების ძალიან მაღალი ინტენსივობით - ეს მაჩვენებლები საქართველოში 2-2.5-ჯერ აღემატება დასავლეთის ქვეყნების მაჩვენებლებს.  ითვალისწინებს რა, რომ მწვანე ეკონომიკური განვითარება არ იწვევს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მწვანე ეკონომიკურ განვითარებას [2].

საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის ერთგვარი განაცხადი და ამავე დროს სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს. ამ პირობებში ქართული საზოგადოებისთვის ერთობ მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმ გამოწვევებისა თუ პრობლემების ცოდნა, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე ევროპა. მაშინ, როცა ევროპულ სივრცეში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური ბაზრის რეფორმირება, სისტემური უთანასწორობის აღმოფხვრა, მწვანე და მდგრადი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები.

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრმა - კავკასიური სახლი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით, - 2016 წელს განახორციელა პროექტი - მწვანე იდეები საქართველოს პროგრესული განვითარებისთვის. პროექტი მიზნად ისახავდა მდგრადი განვითარების პრინციპებისა და ევროპის მწვანე პოლიტიკური დღის წესრიგის ძირითადი საკითხების გააზრების ხელშეწყობას საქართველოში.

კონკრეტულად კი, პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა:

• მწვანე პოლიტიკისა და ეკონომიკის შესახებ ცნობილი გერმანულენოვანი ავტორების სტატიების ქართულ ენაზე თარგმნა და ანთოლოგიის სახით გამოცემა;

• გერმანელი მწვანე პოლიტიკოსის საქართველოში მოწვევა და საჯარო ლექცია მწვანე პოლიტიკის შესახებ;

• ანთოლოგიის შინაარსის სხვადასხვა საკითხზე საქართველოს  ქალაქებში საჯარო დისკუსიების ინიცირება და ორგანიზება;

• საუნივერსიტეტო კონფერენციის ორგანიზება თემაზე „ეკონომიკური პოლიტიკის სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობით განხორციელების გზები“.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში ,,საქართველო 2020“ აღნიშნულია რომ, გლობალური დათბობით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების აღმოსაფხვრელად, საქართველოს მთავრობის ძალისხმევასთან ერთად,  საჭიროა  გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის საერთაშორისო ფონდებიდან (მწვანე კლიმატის ფონდი, გლობალური გარემოს დაცვის ფონდი და სხვ.) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციით ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო განსაზღვრული გარემოსდაცვითი ინვესტიციების მოზიდვა, რაც ასევე შეუწყობს ხელს ქვეყანაში ენერგოდამზოგავი, გარემოსადმი კეთილგანწყობილი თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ტყის რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების პრაქტიკის დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ვინაიდან ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღეზეა დამოკიდებული სოფლის მეურნეობის, ჰიდროენერგეტიკის, ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარება. ტყის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, რეკრეაციული, წყალმარეგულირებელი და ნიადაგდაცვითი ფუნქციების გათვალისწინებით ტყის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანა შეამცირებს ტყის დეგრადაციით გამოწვეულ ხარჯებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკური სარგებლის ზრდას ტყეების ეკოსისტემური სერვისის გაუმჯობესების გზით.

მთის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას პროექტის - „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ დასაწყებად. პროექტი ითვალისწინებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, მათი პროფესიონალიზმის ამაღლების და მასშტაბების გაზრდის მიზნით. პროექტი ასევე  მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და  დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკისთვის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. პროექტის შემუშავება მოხდა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში. 4 წლიანი პროექტი 2019 წელს დაიწყო და დაფინანსებულია ევროკომისიის (3 მილიონი ევრო)  შვედეთის  (2.8 მილიონი ევრო) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობით (1 მილიონი ევრო). პროექტს  ავსტრიის განვითარების სააგენტო განახორციელებს 9 კაციანი გუნდის საშუალებით, რომელიც მუდმივად იქნება განთავსებული მესტიასა და თბილისში [3].

სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებების განხორცილებას. მათ შორის, ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების ეროვნული ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას.   შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე სასტუმროებისა და სამთო/სამოგზაურო გიდების სერტიფიცირებას. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება გამოცდილების გაზიარება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე,  სამთო/სამოგზაურო  გიდების  და სასტუმროების მესაკუთრეების შესაძლებლობების განვითარება, სასწავლო მიზნებისთვის საჩვენებელი სამთო სასტუმროს შექმნა.

ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში პროქტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის ორგანულ სოფლის მეურნეობის კანონმდებლობასთან,  შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, სერტიფიცირების სააგენტოების და აგრო-საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების შესაძლებლობების განვითარებას, ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავებული ან დაინტერესებული ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას, ასევე, საკონსულტაციო მომსახურების განვითარების ხელშეწყობას და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში  მწარმოებლებს, მიმწოდებლებსა და გამყიდველებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.   საქართველოს რეფორმებს ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოში ინკლუზიურ ზრდას, გენდერულ თანასწორობას და სიღარიბის დაძლევას.

პროექტის შემუშავება მოხდა 49 მილიონი ევროს ღირებულების ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად. პროგრამის ხელმოწერა მოხდა 2018 წლის  ნოემბერში ბრიუსელში, მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში. შეთანხმება ითვალისწინებს  ევროკავშირის და საქართველოს მჭიდრო თანმშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესისთვის  სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება, თანამედროვე ფინანსური სერვისების განვითარება და ინოვაციური ბიზნესმოდელების შემუშავება.

„მწვანე ეკონომიკის“ სტრატეგიის პოლიტიკის განხორციელება  ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი  და პირველი რიგის ამოცანაა.  გარემოსდაცვითი პრობლემები არა მარტო ჩვენს, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს.  მწვანე პოლიტიკის მთავარი ფოკუსია გარემოს დაცვა, რათა მოხდეს ქვეყნის ეკოლოგიის გაჯანსაღება და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის. ჩვენი მთავრობის მწვანე პოლიტიკა, როგორც იდეოლოგია, ისევ და ისევ ადამიანის სიცოცხლესა და კეთილდღეობაზეა დაფუძნებული, რამდენადაც გარემოს დაცვის ხარისხი და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან [4].

ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ევროპულ სივრცესთან დასაახლოებლად. ამისათვის ორი ძირითადი პრიორიტეტი გამოიკვეთა,  პირველი - აღმოვფხვრათ ის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დღეს გვერგო და მეორე - გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეს უნიკალური სიმდიდრე და უახლოეს წლებში მივიღოთ ისეთი შედეგები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მწვანე ეკონომიკის მქონე ქვეყნის პოზიციონირებას.  სტრატეგიაში გაწერილი სტანდარტები მთლიანად მიახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან.  დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ ნორმებთან, თუმცა, მომდევნო წლებში უფრო მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების პრევენციის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის განვითარების თვალსაზრისით. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს ურბანულ ქალაქებში და რაც უფრო დიდია ქალაქი, სამწუხაროდ, მით უფრო მწვავედ დგას ეს პრობლემა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას ატმოსფერული ჰაერის დაცვის ეფექტიანი პროგრამები ურბანული ქალაქებისთვის. თითოეულ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის კერძო სექტორს, განესაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები და რეკომენდაციები იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა საქართველოში.

2018 წლის აგვისტოდან დაიწყო  ქვეყანაში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვა, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით. ქვეყანაში უკვე არსებული თანამედროვე ავტომატური მონიტორინგის ქსელი საშუალებას იძლევა, სწორედ ევროპული სტანდარტებით მოხდეს ჰაერის ხარისხის შეფასება. ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს.

ასევე ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი გახდა მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკა. მთავრობის  პრიორიტეტია, ეტაპობრივად ჩანაცვლდეს გაუმართავი და ამორტიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისში, უკვე 2019 წელს მთლიანად მოხდება ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. ამასთან ერთად,  ეტაპობრივად დაწყებულია ელექტროავტობუსების შემოყვანის პროცესი. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობისა და დაგეგმარებისას მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინება, რასაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.

2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტს მოიცავს. ეს ხელს შეუწყობს როგორც გარემოზე ზემოქმედების, ასევე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტოპარკის ტექნიკური შემოწმება გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით. შესაბამისი ინიციატივების ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით. აგრეთვე, ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს. 2020 წლამდე ორივე საწვავის ხარისხი უნდა აიწიოს  „ევრო 5“-მდე, რაც გულისხმობს, რომ 10-ჯერ შემცირდება გოგირდის შემცველობა იმ საწვავში, რომლის იმპორტირებაც დღეს საქართველოში ხდება. აგრეთვე, ყველა ტიპის ავტომობილისთვის ტექნიკური დათვალიერების შემოღება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დიზელზე მომუშავე ავტომობილების მიერ ჰაერის დაბინძურების მკვეთრ შემცირებას. ამასთან ერთად, იგეგმება  იმპორტული ავტომობილების დაბეგვრის ისეთი რეჟიმის შემოღება, როდესაც კიდევ უფრო მეტი უპირატესობა მიენიჭება ეკოლოგიურ ტრანსპორტს, მათ შორის მსუბუქ და დაბალი კუბატურის მქონე ავტომობილებს. მაღალი კუბატურის მქონე ავტომობილებისათვის გაიზრდება განბაჟების გადასახადი, რათა მოხდეს მეტი სტიმულირება, რომ საქართველოში მეტი ჰიბრიდული და ელექტროავტომობილი შემოვიდეს.

2018 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო გახდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარონ რეგისტრაციის თარიღიდან 30 დღეში. საქართველოში იმპორტირებული ავტომანქანების ფაქტობრივად 90%-ს არ აქვს გამართული ე.წ კატალიზატორის სისტემა, რაც ძალიან საშიშია და უკავშირდება როგორც მანქანის ტექნიკურ გამართულობას, ამავე დროს, გარემოზე ზემოქმედებას. შესაბამისად, ეს გახდება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ მანქანამ მიიღოს ტექნიკური შემოწმების შესაბამისი დოკუმენტი. სხვაგვარად იმპორტირებული ავტომობილები ამ შემოწმებას ვერ გაივლიან [5].

ინერგება  გარემოსდაცვითი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა, რომელიც საწარმოებს ტექნოლოგიური ციკლის თანამედროვე ტექნოლოგიებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩანაცვლებას დაავალდებულებს. მწვანე ინიციატივების წახალისებისთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე დაინერგოს ეკომარკირების ინსტრუმენტი, რაც გულისხმობს პროდუქციის წარმოებაში ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების წახალისებას და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობას.

როდესაც მწვანე ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ  სოფლის მეურნეობის პოლიტიკა. მნიშვნელოვანია, შევცვალოთ პრიორიტეტები  სოფლის მეურნეობაში.  ჩვენი მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი სწორედ სოფლის მეურნეობა უნდა იყოს. საქართველო უნდა გახდეს  ძალიან მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა.  უკვე დაწყებულია ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. ნატურალური პროდუქტების გარკვეული ჯგუფი  გათავისუფლებულია  დღგ-სგან, მაგრამ, ამოცანაა,  გადასახადებისგან სრულად გათავისუფლდეს  ის სექტორი, რომელიც საქართველოში შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას.

მნიშვნელოვანია, ენერგოეფექტურობის პოლიტიკა პრიორიტეტია, ეკონომიკის ენერგომომხმარებელ სექტორებში ენერგოტევადობის შემცირების, ენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების და მოხმარების სწორი მართვისა და ზოგადად ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციის მიზნით სათანადო პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება. თუ ჩვენ ავიღებთ დასავლეთ ევროპის მაგალითს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 20%-იანი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ენერგოეფექტურობაში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მივიღოთ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს   ახალი,  მწვანე, რეკრეაციული სივრცეების შექმნას ქალაქებში, ისევე როგორც არსებულის მოვლას და განახლებას. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება დაცული ტერიტორიებისა და ყველა ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური ეკოსისტემების განვითარებაში.

დღეს მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა კლიმატური ცვლილებები და იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ასეთი გამოწვევები არსებობს, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად გვაწვება ის მდგომარეობა, რაც საქართველოში გვაქვს ტყის მოვლის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, საჭიროა ჩვენი პოლიტიკა იყოს ძალიან პრინციპული და თანმიმდევრული. ტყე არის საქართველოს სიმდიდრე, მას უნდა გავუფრთხილდეთ და ის უნდა განვავითაროთ. იმ სიღარიბის ფონზე, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, ძალიან რთულია ვთქვათ რადიკალური უარი სხვადასხვა მიმართულებით ტყის გამოყენებაზე, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით პრინციპული ნაბიჯების გადადგმა არ დავიწყოთ.  მთავრობა გეგმავს  საქართველოში იმპორტირებული ხე-ტყის შემოტანის წახალისებას. უნდა შეიზღუდოს  საქართველოდან  ე.წ მორისა და ხის ფიცრის გატანა [5].

მწვანე სტრატეგიის იმპლემენტაციის გზაზე ბევრი წამყვანი ეკონომისტის მოსაზრებით, 21-ე საუკუნეში სწორედ მწვანე ეკონომიკას აქვს ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მოტანის საშუალება. ჩვენი მცირე ეკონომიკისთვის ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა, მაგრამ მისი გამოყენებისთვის აუცილებელია, თანმიმდევრულნი ვიყოთ ჩვენს ნაბიჯებში.  ამ რეფორმის შედეგად,  საქართველოში უნდა მივიღოთ სრულიად უნიკალური გარემო და ეს კაპიტალიზაცია შეეხება ნებისმიერ მიმართულებას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უძრავი ქონების ფასი უფრო მაღალი იქნება, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ფლობენ მიწის ნაკვეთებს, ბინებს თუ კერძო სახლებს, უფრო მეტი კაპიტალის მფლობელები გახდებიან. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იქნება უფრო კონკურენტუნარიანი და ჩვენ შევძლებთ, ავითვისოთ ის უნიკალური საშუალება, რასაც გვაძლევს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან.

რაც მთავარია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა განათლების სექტორის ფუნდამენტურ რეფორმასთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მთავარს, რომ საქართველო იყოს განვითარებული ეკონომიკის, ნამდვილი ევროპული ინსტიტუტების მქონე ქვეყანა და ეს გახდება ერთადერთი უალტერნატივო წინაპირობა ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის, რომ ჩვენ ერთად ვაშენოთ ძლიერი და ევროპული საქართველო. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1.  http://recp.ge/wp-content/uploads/2018/01/Green-economy-newsletter-GE-1.pdf
  2. .http://www.mrdi.gov.ge/sites/default/files/1_sakartvelos_socialur-ekonomikuri_ganvitarebis_strategiis_-_sakartvelo_2020.pdf
  3. . http://moe.gov.ge/res/images/file-manager/strategiuli-dokumentebi/strategiebi-gegmebi/2017-2021----------.pdf
  4.  http://european.ge/mwvane-ekonomikuri-doqtrinistvis-tezisebi/
  5. https://www.facebook.com/bakhtadzemamuka/posts/301440800591996/